სად ვართ | მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი

არსებული მდგომარეობა
“საქართველოს კანონი იარაღის შესახებ” ამბობს, რომ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში ხელით მოხსნადი აქსესუარების გარეშე არ აღემატება 55-სმ. აღნიშნული კატეგორიის იარაღი (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) გადის სამოქალაქო თავდაცვითი კატეგორიის იარაღში, რომლის ყიდვა მოქალაქეს მხოლოდ შენახვის უფლებით შეუძლია.
მოკლე თავდაცვითი კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღთან დაკავშირებული საკითხები:
- თავდაცვითი კატეგორიის მფლობელი ვალდებულია იარაღის შეინახოს რეგისტრაციის მისამართზე;
- თავდაცვითი კატეგორიის იარაღის მფლობელს ეკრძალება იარაღის გადატანა;
- თავდაცვით კატეგორიის იარაღის გადატანა ტირში, რომელიც მხოლოდ თბილისში მდებარეობს, დაშვებულია იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე. იარაღის დროებითი მოწმობა ღირს 30 ლარი.
- თავდაცვით კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მისამართის ცვლილება საჭიროებს ბალისტიკურ შემოწმებას;
- თავდაცვითი კატეგორიის იარაღის გადატანა ბალისტიკურ შემოწმებაზე, ან ხელოსანთან საჭიროებს იარაღის დროებით მოწმობას;

პრობლემა
არსებული საკანონმდებლო რეალობის პირობებში თავდაცვითი მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელებს შეზღუდული აქვთ მათ საკუთრებაში არსებული იარაღის განკარგვა, საცეცხლე მომზადების გავლა, უსაფრთხოების უნარების დახვეწა, რაც საბოლოო ჯამში ჩანასახშივე კლავს ადამიანი თავდაცვის უფლებას. მოუმზადებელი შეიარაღებული ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე გარშემომყოფებისთვის. არასათანადო მომზადების პირობებში კრიტიკულ სიტუაციაში იარაღის მფლობელი ვერ შეძლებს საკუთარი თავისა/გარშემომყოფების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რადგან არ აქვს იარაღით ვარჯიშის გამოცდილება. არსებული იარაღის დროებითი მოწმობა არაეფექტურია და მომსახურება მხოლოდ ხელმისაწვდომია დედაქალაქში.
თავდაცვის უფლება პიროვნების თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. დაუშვებელია პიროვნებას შეეზღუდოს როგორც თავდაცვის ინსტრუმენტების კანონიერი დაუფლება ასევე ამ ინსტრუმენტის დანიშნულების მიხედვით გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა მათ შორის: გადატანა, ვარჯიში, ტარება, შეკეთება და სხვა.
ამ ეტაპზე თავდაცვითი მოკლე იარაღის მფლობელები:
- ვერ გადიან საცეცხლე მომზადებას, განსაკუთრებით აღნიშნული პრობლემა მწვავეა დედაქალაქს მიღმა;
- არასათანადო მომზადების გამო მაღალია უსაფრთხოების ზომების დარღვევისა და არამიზანმიმართული დაზიანების რისკები;
- შეზღუდული აქვთ თავდაცვის უფლება იარაღის რეგისტრაციის მისამართის გარდა ყველგან (გზაში, სოფელში და სხვ.);
- იარაღის რეგისტრაციის მისამართის ცვლილება საჭიროებს ძალიან დიდ დროს და ფინანსურ რესურსებს;
- იარაღის რეგისტრაციის მისამართის ცვლილება საჭიროებს ბალისტიკის ხელახალ ჩატარებას. იარაღისათვის ბალისტიკის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან იარაღის არ იცვლის მფლობელს.
- იარაღის მოწმობაში მითითებულია იარაღის რეგისტრაციის მისამართი. აღნიშნული გარემოების გამო იარაღის მფლობელს რეგისტრაციის მისამართის შესაცვლელად სჭირდება სააგენტოში მისვლა, რაც ართულებს და აძვირებს აღნიშნულ მომსახურებას.

ცვლილების პროექტი
საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი ითვალისწინებს შემდეგის სახის ცვლილებებს იარაღის შესახებ კანონში, კანონქვემდებარე აქტებსა და მინისტრის ბრძანებებში:
- თავდაცვითი მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელს უფლება ექნება იარაღი შეიძინოს შენახვის და გადატანის უფლებით. იარაღის მფლობელი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანასთან დაკავშირებული რეგლამენტი.
- უნდა დამკვიდრდეს თავდაცვით კატეგორიის იარაღის ლიცენზირებული ტარების უფლება, რაც გულისხმობს, რომ შესაბამისი მომზადებისა და შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოქალაქეს ეძლევა უფლება ატაროს თავდაცვითი კატეგორიის იარაღი. მომზადებისა და შემოწმების დონე არ უნდა იყოს იმაზე მკაცრი რასაც გადის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
- თავდაცვითი კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობიდან მოხდება რეგისტრაციის მისამართის ამოღება, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დისტანციურად მოითხოვონ რეგისტრაციის მისამართის ცვლილება.
- იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარება სავალდებულო დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევებში როდესაც იარაღი იცვლის მფლობელს ან იარაღმა განიცადა მოდიფიკაცია, რაც გავლენას ახდენს იარაღის ბალისტიკურ მონაცემებზე.